
ჰომოფობიური კანონი: მედია ცენზურის საფრთხის წინაშე

ჰომოფობიური კანონი: მედია ცენზურის საფრთხის წინაშე
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო, ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვასთან ერთად, აკრძალვებს უწესებს მედიას.
საკუთარი დისკრიმინაციული შინაარსიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პროექტი ქართულ მედიაში ჰომოფობიური კანონის სახელწოდებით გახდა ცნობილი.
რას გულისხმობს კანონპროექტი?
კანონპროექტი შედგება განმარტებითი ნაწილის, 2 მუხლისა და 8 ქვეპუნქტისგან, რომელიც, იურისტების შეფასებით, ზღუდავს ლგბტ თემის პიროვნული თავისუფლების ისეთ სივრცეებს, როგორიც არის: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა, თანასწორობის უფლება და სხვა. ამასთანავე, კანონპროექტი ცენზურას უწესებს მედიას, რომელსაც ეკრძალება ლგბტ ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების გაშუქება.
“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას.
როგორ ზღუდავს კანონპროექტი მედიის მუშაობს?
ჰომოფობიური კანონის რეგულირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ქართული მედია და მისი ფუნქციონირებაა. როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, მაუწყებლებს ეკრძალებათ იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ასახავს ინცესტისა და ლგბტ თემთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, ჰომოფობიური კანონი ქართულ მედიას უწესებს ცენზურას და ზღუდავს მის ეფექტურ მუშაობას. მსგავსი ტაბუდადებული თემატიკის არსებობა მედიას ართმევს შესაძლებლობას გამოხატოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესები. როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია აღნიშნავს: „მედია ორგანიზაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ. ხშირად საუბრობენ, რომ მედია უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა იყოს სუბიექტური. ეს შეფასებითი კატეგორიაა. თავისუფალი მედია ნიშნავს იმას, რომ თუ მედიის მიერ ძალადობის, ხელისუფლების დამხობის ან სხვების დაზიანების პროპაგანდა არ ხდება, სხვა ყველა შემთხვევაში, მისი თავისუფლება უნდა იყოს დაცული“.
ჟურნალ “ინდიგოს” დირექტორი, ნატა ძველიშვილი, აღნიშნავს რომ ჰომოფობიური კანონი თავისთავად უგულებელყოფს ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ორიენტაცია და უმცირესობას წარმოადგენენ. ლგბტ თემატიკის არგაშუქება ამ თემის წევრებს უზღუდავს სააშკარაოზე გამოსვლისა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობას. ეს კი მხოლოდ ახალისებს მათ მიმართ ძალადობას. ისინი ხდებიან კიდევ უფრო სტიგმატიზებულები, დაჩაგრულები და არ ეძლევათ ღირსებული ცხოვრების უფლება. ასეთ ვითარებაში, მედია, როგორც ყველაზე ფართო პლატფორმა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებზე საუბრისთვის, დგება სანქცირების საფრთხის წინაშე, რაც ნატა ძველიშვილის მოსაზრებით, მედიას თვითცენზურისკენ უბიძგებს: „მედია კი ამ პროცესში არის მხოლოდ შუამავალი საზოგადოებაში ნეგატიური რწმენა-წარმოდგენების დაძლევის და პრობლემების მოგვარების. სამწუხაროდ ეს ფუნქცია ეზღუდება მედიას და მედია იწყებს, პირველ რიგში, თვითცენზურას, რადგან შეეცდება იმას რომ აღარ უპასუხოს ამ საკითხებს, მოერიდოს ამ თემებზე ლაპარაკს რაიმე სანქციის დაკისრების თუ ჯარიმის დაკისრების შიშით და შემდეგ უკვე ვინც გაბედავს ამას, მიიღებს შესაბამის სანქციას“.


მამუკა მდინარაძე
"უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა, რაც უნდა გავარჩიოთ ხელოვნებაში გარკვეული ნაწარმოებისაგან, თავისუფალი აზრისაგან, გამოხატვის თავისუფლებისაგან, თავისუფალი სიტყვისაგან, უფლებების დაცვისაგან. არანაირ ჩარევას არ ვაპირებთ".

შალვა პაპუაშვილი
"მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნას დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება"

ირაკლი კობახიძე
"პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცვირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას. მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს".
კოტე ჩოკორაია ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჰომოფობიური კანონის მიერ ინფორმაციის შინაარსობრივი რეგულირება საფრთხეს უქმნის არამხოლოდ მედიას, არამედ ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას: „თუკი ეს კანონპროექტი კანონად იქცა, იგი არ იქნება მხოლოდ მასში დეკლარირებულ პირებთან შემხებლობაში. შეიძლება იყოს სამეწარმეო ნაწილის პრობლემაც. როგორც საუბარია კანონპროექტის შინაარსზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება სხვადასხვა ნაწარმოებების, ფილმებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ეს შეიძლება იყოს პრობლემა როგორც მედიისთვის, აგრეთვე კინოინდუსტრიისა და სხვა ბევრი მიმართულებისთვის“.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივების ვრცელ სამართლებრივ ანალიზში ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლება ახდენს ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, რითაც ლგბტ პირებს საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა ტოვებს: „თუ წინა წლებში ხელისუფლებების მხრიდან ლბტ(ქ)ი უფლებების იგნორირებასა და სხვადასხვა მემარჯვენე და კლერიკალური ჯგუფების მიმართ ლოიალობის პრობლემას ვუსვამდით ხაზს, დღეს ხელისუფლება თავად წარმოადგენს იმ ძირითად აქტორს, რომელიც ლბტ(ქ)ი ადამიანების საბაზისო უფლებების აღიარებას ნორმატიულად უპირისპირდება და ლბტ(ქ)ი ადამიანების წინააღმდეგ ყველაზე მარგინალურ პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსებს იყენებს. ამ ტიპის ჰომოფობიას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰომოფობია შეიძლება ვუწოდოთ და ის მკვეთ წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან”. ანალოგიური მოსაზრებაა წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნაშიც, სადაც ხაზგასმულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შეუსაბამობა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ტიპის კანონმდებლობის შეთავაზებაც კი, აჩენს მტრული და სტიგმატიზებული გარემოს გამწვავების საფრთხეს.
რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ჰომოფობიური კანონი?
როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, რუსული კანონისგან გამოწვეული მძლავრი პროტესტისა და მოახლოებული არჩევნების ფონზე, ჰომოფობიური კანონი ელექტორალური რესურსის მობილიზების ახალი შესაძლებლობაა “ქართული ოცნებისთვის”. ისინი მიუთითებენ, რომ მმართველ პარტიას არ აქვს ჰომოფობიური კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. ასეთ სიტუაციაში, მსგავსი კანონპროექტის ინიციირება დაპირებაა საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილისთვის, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, დაცული იქნება ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა ინტერესები. ამ მოსაზრებას იზიარებს კოტე ჩოკორაიაც, რომელიც განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისადმი საზოგადოების წინააღმდეგობის არარსებობას საკითხის სენსიტიურობა განსაზღვრავს: „განსხვავებით რუსული კანონისგან, სადაც საზოგადოებას ძალიან აშკარა და მკაფიო რეაქცია ჰქონდა, ხვდებიან ინიციატორები, რომ საზოგადოებას შეიძლება აქტიური პროტესტი არ ჰქონდეს ბევრი სენსიტიური ფაქტორების გათვალისწინებით. ქართული საზოგადოება მაინც კონსერვატიული საზოგადოებაა და რთულია ამ ყველაფერზე საზოგადოების მობილიზება. ნახეთ კიდევაც, რომ არც პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ფაქტობრივად განხილვაშიც არ იყო ხალხი შესული, ამდენად ეს აქტუალური საკითხი არ არის“ .
წინასაარჩევნო მობილიზაციის იდეას ეხმიანება ნატა ძველიშვილიც. იგი ხაზს უსვამს ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობას რეალური პრობლემიდან პოპულისტურ ნაბიჯებამდე: „სინამდვილეში პრობლემა სულ სხვაგან არის პრობლემა არის, მაგალითად, ქალთა მიმართ ძალადობაში, ფემიციდში, ოჯახში არსებულ ძალადობაში და ა.შ რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს ვერ დგამს. ნაცვლად ამისა ის გვთავაზობს საკანონმდებლო ცვლილებს, რომელიც არის პოპულისტური, მიმართულია იქითკენ რომ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღოს დამატებითი ხმები, სწორედ ამ პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებებით საბოლოო ჯამში აზიანებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს ეს არის, პირველ რიგში, ადამიანების გამოხატვის თავისუფლება“.
"რა არის პროპაგანდა, ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს, ეს საერთოდ არის ინტერპრეტაციის საგანი, დამოკიდებულია იმაზე ვინ როგორ განმარტავს, ვინ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და რა პრაქტიკას დაამკვიდრებს",
"ჟურნალ" ინდიგოს დირექტორი - ნატა ძველიშვილი.

ვის ვემსგავსებით?
ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიხედვით, 2017 წლიდან მოყოლებული, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი სულ უფრო და უფრო უარესდება. ამ ტენდენციის ერთ-ერთი გამოხატულებაა ჰომოფობიური კანონიც, რომლის ანალოგიც ისევ და ისევ მოსკოვში უნდა ვეძებოთ. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ტერმინი „ლგბტ პროპაგანდა“ მხოლოდ რუსულ კანონმდებლობაში არსებობს.
„არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს. მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, პუტინმა, დასავლური სამყაროს წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზების მიზნით, გააძლიერა ჰომოფობიური რიტორიკა, რასაც 2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმის მიერ ახალი კანონპროექტის მიღება მოყვა („არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“). მსგავსად ქართული ჰომოფობიური კანონისა, რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ე.წ არატრადიციულ ურთიერთობებს შეეხება. ამ შემთხვევაშიც, ტერმინი პროპაგანდა ძალიან მყიფე და ბუნდოვანია. ეს ჰქმნის შესაძლებლობას აკრძალვისა და ჩაგვრის ობიექტად იქცეს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ნებისმიერი გამოვლინება. რუსული ჰომოფობიური კანონის შედეგად აიკრძალა 250-ზე მეტი წიგნი, რომელიც „ლგბტ პროპაგანდად“ იქნა მიჩნეული.
გარდა რუსული კანონმდებლობისა, ქართული ჰომოფობიური კანონი მოგვაგონებს უნგრული აკრძალვების სერიას, რომელიც, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის დაგვიანებით გაიმეორა. 2021 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ე.წ ბავშვთა დაცვის აქტი, რომელმაც ცენზურა დაუწესა მედიასა და საგამომცემლო სექტორს. ამ აქტით შეიზღუდა ლგბტ თემატიკასა და სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება. გარდა აღნიშნულის, 2021 წლის 15 ივნისს მიღებული აქტი - “პედოფილი დამნაშავეების მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღებასა და ბავშვთა დაცვის შესახებ ზოგიერთ აქტში ცვლილებათა შეტანის შესახებ“, რომელიც კრძალავს 18 წლამდე პირთათვის იმგვარი შინაარსის ფილმებს, წიგნებსა თუ გამოფენებზე დაშვებას, რომელიც ფოკუსირებულია სქესის შეცვლასა და ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ „უნგრული კანონის მსგავსად, [საქართველოს] კონსტიტუციური კანონი შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, და მოსალოდნელია, რომ შეზღუდავს არა მხოლოდ კანონის ირიბ სამიზნეს (LGBTQ+ უფლებებს და სათემო ორგანიზაციებს), არამედ თავად მშობლებისა და ბავშვების, მასწავლებლების, გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების, გალერეების მფლობელებისა თუ გამოფენების ორგანიზატორების, აკადემიური სივრცეების, მედიაორგანიზაციების, ინტერნეტ პლატფორმების, ბლოგერების და კიდევ არაერთი პირის უფლებებს“.
ვლადიმერ პუტინი
„სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება მშობელი N1 და მშობელი N2, ჩვენ გვეყოლება დედა და მამა“.
ვიქტორ ორბანი
„რასაც ჩვენ ოჯახს ვეძახით, ეს არის ექსკლუზიურად ქალისა და მამაკაცის ერთობა. ჩვენ ქრისტიანული სახელმწიფო ვართ. ეს ისტორიული ფაქტია“.
მამუკა მდინარაძე
"მაშინ როდესაც, 2017 წელს, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ და ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა".
სტატიის ავტორი: სალომე ხურცილავა

